ზაზა ფაჩულიას “დეტროიტის” დასანანი მარცხი

“დეტროიტ პისტონსის” ორმატჩიანი წაუგებელი სერია “საკრამენტო კინგზის” წინააღმდეგ შეწყდა. ზაზა ფაჩულიას გუნდი მთელი შეხვედრის განმავლობაში ფლობდა უპირატესობას, თუმცა “მეფეებმა” გამარჯვების მოპოვება ბადი ჰილდის საოცარი GAME WINNER-ის წყალობით მოახერხეს.

ანდრე დრამონდის არყოფნაში ზაზა ფაჩულია ძირითად შემადგენლობაში გახლდათ გამწესებული. ქართველმა ცენტრმა პარკეტზე საკმაოდ დიდი დრო, 35 წუთი და 22 წამი გაატარა.

ფაჩულიამ აქტივში 7 ქულა, 3 შედეგიანი გადაცემა და 12 მოხსნა მიითვალა. ზაზამ 7-დან 3 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო გამოიყენა. ფაჩულიამ 5 პერსონალური ჯარიმა მიიღო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, თავად კი 1 ჩაჭრა მიითვალა.

“საკრამენტოსთან” მარცხის შემდეგ “დეტროიტის” ანგარიშზე 20 მოგება და 25 წაგებაა. “პისტონსი” პლეიოფის საგზურისთვის იბრძვის და აღმოსავლეთ კონფერენციის მეცხრე ადგილს იკავებს. მომდევნო ტურში ზაზა ფაჩულიას გუნდი სტუმრად “ვაშინგტონ უიზარდსს” დაუპირისპირდება.

კომენტარის დატოვება