”რეალის” მწვრთნელი ბითაძეს აქებს და ”მარკა” ქართველს სტატიას უძღვნის

ესპანური გამოცემა ”მარკა” ქართველი კალათბურთელის, გოგა ბითაძის შესახებ სტატიას აქვეყნებს. სტატიის ავტორი ხაზს უსვამს გოგა ბითაძის პროგრესს და პარალელს ლუკა დონჩიჩთან ავლებს.

”2017 წლის ევროპის ჩემპიონატზე ლუკა დონჩიჩმა საყოველთაო აღიარება მოიპოვა და სლოვენიას ტიტული მოუტანა, ხოლო ბითაძეს ერთი წუთიც არ უთამაშია. დღეს დონჩიჩი ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ბრწყინავს, ხოლო ბითაძის საქმე ცუდად არ მიდის, ”ბუდუჩნოსტის” წევრი ევროლიგის ნამდვილი აღმოჩენაა.ბითაძემ ოთხ ჩატარებულ შეხვედრაში ნათლად აჩვენა, რომ უნიჭიერესი კალათბურთელია.”

გოგა ბითაძის შესახებ ”სამეფო კლუბის” მთავარმა მწვრთნელმა პაბლო ლასომ ისაუბრა: ”ბითაძე კარგად თამაშობს, კარგი სროლით გამოირჩევა. მან და ნორის კოულმა პროგრესი განიცადეს და ”ბუდუჩნოსტი” გააძლიერეს. ბითაძე უკვე ფიგურირებს ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის დრაფტში. ბალკანური კალათბურთის წარმომადგენელების, ნიკოლა იოკიჩისა და ლუკა დონჩიჩის რეკლამა შესაძლოა ბითაძეს დაეხმაროს. ცხადია, ქართველი კალათბურთელი უნიჭირესია.”

გოგა ბითაძის “ბუდუჩნოსტმა” სუპერსენსაცია შემოგვთავაზა. ევროლიგის მორიგ ტურში მონტენეგრულმა გუნდმა საკუთარ კედლებში ჩემპიონობის ერთ-ერთი ფავორიტი, “მადრიდის რეალი” მიიღო და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

“ბუდუჩნოსტმა” სასურველ შედეგს ბრწყინვალე დაცვის ხარჯზე მიაღწია. ბითაძემ და კომპანიამ მეტოქეს მხოლოდ 60 ქულა ჩააგდებინა, თავად კი 73 მოაგროვა. მონტენეგრულ გუნდს არცერთი მეოთხედი არ წაუგია და ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე ზედიზედ მეორე გამარჯვება მიითვალა.

გოგა ბითაძემ პარკეტზე 27 წუთი და 33 წამი გაატარა. ქართველმა კალათბურთელმა ორმაგი დუბლი გაიფორმა და აქტივში 13 ქულასთან ერთად 10 მოხსნა ჩაიწერა. გოგამ 6-დან 3 ორიანი, 5-დან 1 სამიანი და 4-დან 4 საჯარიმო გამოიყენა. ბითაძემ სამი დაფარება დააგროვა და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტმა +16-ს უწია. ამ მაჩვენებლით იგი მხოლოდ თანაგუნდელ კოტი კლარკს ჩამორჩა.

კომენტარის დატოვება